ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც წამოაყენა და პრაქტიკულად განახორციელა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების იდეა, კარგად უწყოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია. 1918 წელს თბილისის ახალგახსნილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სასწავლო გეგმაში შეტანილი 20 საგნიდან ერთ-ერთ სასწავლო კურსს “რუსეთისა და სლავების ისტორია” წარმოადგენდა. ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით 1919 წელს ლექციების წასაკითხად მოწვეულ იქნა პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ პოლიევქტოვი, რომელიც თბილისში 1920 წელს ჩამოვიდა და გარდაცვალებამდე (1942 წ.) უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. იგი თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა რუსეთის ისტორიას, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიასა და ახალი დროის სოციალურ-ეკონომიკურ ისტორიას. მ. პოლიევქტოვმა თბილისის უნივერსიტეტში მეცნიერულ ნიადაგზე დააფუძნა საქართველო - რუსეთის ურთიერთობების ისტორიის კვლევა.
თავდაპირველად თბილისის უნივერსიტეტში რუსეთის ისტორიის კათედრა არ არსებულა. 1927 წელს უნივერსიტეტში დაარსდა “სსრ კავშირის ხალხთა ისტორიის კათედრა”, რომელსაც 1991 წელს ისევ “რუსეთის ისტორიის კათედრა” ეწოდა. 1992 წელს კათედრასთან დაარსდა მ. პოლიევქტოვის სახელობის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიის სასწავლო კაბინეტი, რომლის წევრებიც აქტიურად შეისწავლიდნენ ამ ქვეყნების პოლიტიკური, კულტურული, დიპლომატიური და ა.შ. ურთიერთობების ისტორიას. 2006 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის ისტორიის კათედრა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიის სასწავლო კაბინეტი გაუქმდა. 2007/2008 სასწავლო წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსისტიკის ინსტიტუტში ფუნქციონირება დაიწყო რუსეთის ისტორიისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შემსწავლელმა ცენტრმა.
საქართველოსა და კერძოდ, თსუ-ში დღემდე ანალოგი არ მოეძებნება ასეთი ცენტრის არსებობას. დღესდღეობით თსუ-ს ჰყავს ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. ცენტრი სწავლებისა და კვლევის პროცესს მრავალმხრივი მიმართულებით წარმართავს და ითვალისწინებს ქრონოლოგიურ საზღვრებს ფართო თემატიკით.
მიზნები და ამოცანები
- საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიული და თანამედროვე პრობლემატიკის შესწავლა და კვლევა
- სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
- სასწავლო და სამეცნიერო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
|