I. სამაგისტრო პროგრამის დასახელება – რუსეთისმცოდნეობა               
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – რუსეთისმცოდნეობის მაგისტრი, MA in Russian Studies
სამაგისტრო პროგრამა
ანოტაცია
II. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:
  • სახელი, გვარი - დალი კანდელაკი
  • სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური თანამდებობა - ისტორიის მეცნიერებათა   დოქტორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კონტრაქტით)
  • სამუშაო ადგილი - თსუ სასწავლო დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი
  • საკონტაქტო მონაცემები - ტელ: 77-14-55 (ბინა), 22-11-17 (სამსახური),
  • 8 99 22-07-60 (მობ.);
    e-mail: dalikandelaki@rambler.ru.
III. პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
  • ნებისმიერი სპეციალობის (სასურველია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა, სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის) ბაკალავრის ხარისხი;
  • რუსული ან ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა (B1 დონე);
  • კონკურსანტებს სპეციალობის გამოცდაზე ვთავაზობთ როგორც კონკრეტულ საკითხებს (სამი კონკრეტული საკითხი – თითოეული 25 ქულა, ჯამში 75 ქულა), ასევე ზოგად კითხვარს (5 კითხვა – თითოეული 5 ქულა), რომლითაც შემოწმდება მათი აზროვნებისა და თანამედროვე მოვლენებში (რუსეთთან  მიმართებაში) წვდომის უნარი.  გამოცდის მაქსიმალური ქულაა 100.  
IV: სამაგისტრო პროგრამის ანალოგი:
  1. http://www.postgraduate.leidenuniv.nl/programmes/ma_russian.jsp- ლაიდენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები, მულტიდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა;
  2. http://www.ed.ac.uk/studying/undergraduate/finder/degree.html?id=3,48,R700 – ედინბურგის უნივერსიტეტი;
  3. http://www.iub.edu/~reeiweb/index.shtml - ინდიანას უნივერსიტეტი;
  4. http://ceres.georgetown.edu/  -  ვაშინგტონი, აშშ;
  5. http://www.bris.ac.uk/russian/postgrad/pgruss.html#track-a – ბრისტოლის უნივერსიტეტი, ინგლისი;
  6. http://www.mcgill.ca/russian/ - კვებეკის უნივერსიტეტი, კანადა;
  7. http://www3.uj.edu.pl/ISR/rosjoznawstwo/eng/eng.htm - კრაკოვის იაგაილოს  სახ. უნივერსიტეტი, პოლონეთი;
  8. http://www.wcupa.edu/_academics/sch_cas/academics.asp - პენსილვანია;
  9. http://www.uni-muenchen.de/Studium/studienangebot/studiengaenge/studienfaecher/osteurop_/master/index.html - ლუდვიგ მაქსიმილიანის სახ. მიუნხენის უნივერსიტეტი, გერმანია;
  10. http://studium.geschichte.hu-berlin.de/site/lang__de/mid__12774/ModeID__0/PageID__1748/5037/default.aspx - ჰუმბოლტის სახ. ბერლინის უნივერსიტეტი, გერმანია.
V. პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათება:
მიზანი:
   საქართველოში, კერძოდ კი, თსუ-ში ამგვარ სამაგისტრო პროგრამას დღემდე არ მოეძებნება ანალოგი. დარგის სინთეზურად სწავლება ან კვლევა სადღეისოდ  უნივერსიტეტში არ ხდება. სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამა.
   სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ ისეთი სტუდენტები, რომლებმაც მონოდარგობრივი მიმართულებით მიიღეს განათლება, ამიტომ სწავლება მაგისტრატურაში უნდა წარიმართოს მულტიდისციპლინურიდან ინტერდისციპლინური პროგრამის მიმართულებით – დისციპლინების პარალელური სწავლების გზით; შესწავლილი დისციპლინები შეავსებს ერთმანეთს შესაბამის პედაგოგიურ და მეთოდოლოგიურ გარემოში.
    პროგრამის მიზანია კვალიფიციური მკვლევარების მომზადება რუსეთისმცოდნეობაში; საზოგადოებისთვის კონკურენტუნარიანი, სათანადო ცოდნითა და დამოუკიდებელი  კვლევის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრის შეთავაზება,  რომელიც შესძლებს რუსეთის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, კულტურის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მუშაობას.
    სასწავლო პროგრამა საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს მაგისტრანტებისათვის მათი სამომავლო კარიერისა და ინტელექტუალური ზრდის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოღვაწეობას საერთაშორისო სამართლისა და სოციალური მეცნიერებების სფეროში, დიპლომატიურ ასპარეზზე, განაგრძობენ. მაგისტრანტს უნდა ჩამოვუყალიბოთ ობიექტური, ჭეშმარიტად მეცნიერული და არა კონიუქტურული შეხედულება რუსეთზე, განსაკუთრებით, მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
სწავლის შედეგი:
1. ცოდნა და გაცნობიერება:
  • რუსეთისმცოდნეობის სფეროში ექნება უახლესი თეორიული და კვლევაზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა;
  • შესძლებს მუშაობას საკითხებზე, რომლებიც ეხება რუსეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ,  სამართლებრივ სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს;
  • გააცნობიერებს რუსეთისმცოდნეობის მიმართულებისათვის სპეციფიკურ ეთიკურ პრობლემებს და შეძლებს ეთიკური დილემების გადაჭრას;
  • შესძლებს რუსეთისმცოდნეობის მიმართულებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მეთოდების ფლობას.

2 .ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება/პრაქტიკული უნარები:

  • კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს კვლევას სამეცნიერო ხელმძღვანელის  დახმარებით, იმუშავებს აგრეთვე დამოუკიდებლად;
  • შესძლებს კომპლექსური პრობლემების გადაჭრას დამოუკიდებლად;
  • შესძლებს ამოცანების დაგეგმვას და განხორციელებას დამოუკიდებლად პროფესიულ დონეზე.
  • დაუფლებული იქნება დარგის სპეციფიკურ მეთოდებს ექსპერტის დონეზე.

3. კოგნიტური და მეთოდოლოგიური უნარები:

  • რუსეთის პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი და ინტერპრეტირება;
  • რუსეთთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების ინტეპრეტირება ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ კონტექსტში;
  • სხვადასხვა  დისციპლინების (რუსეთის ისტორიია, რუსული ფილოსოფია, რუსეთის ეკონომიკი, რუსული სამართალი და ა. შ.) მეთოდოლოგიის ინტეგრირებულად გამოყენება;
  • ინტერდისციპლინურ საკითხებზე მუშაობა;
  • დარგის მულტიდისციპლინურობისა და დისციპლინებს შორის კავშირების აღქმა;

4. საკომუნიკაციო უნარები:

  • კომუნიკაცია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  • აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებაში შეეძლება დამოუკიდებელი და კომპეტენტური კომუნიკაცია;

5. საინფორმაციო კომუნიკაციების გამოყენების უნარი:

  • კომპიუტერული და ინტერნეტ-რესურსების ფლობა მონაცემების დამუშავებისას.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი.
დასაქმების სფერო:
  1. საჯარო სექტორი და სამთავრობო ინსტიტუტები;
  2. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები;
  3. პოლიტიკური ორგანიზაციები;
  4. კერძო სექტორი და ბიზნეს სტრუქტურები;
  5. საკონსულტაციო დაწესებულებები;
  6. მედია და საინფორმაციო ცენტრები.
სწავლის გაგრძელების საშუალება : დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება საქართველოსა თუ უცხოეთში რუსეთისმცოდნეობის ან კონკრეტული (ისტორია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები) მიმართულებით.  

VI. კვლევითი კომპონენტი

სამეცნიერო თემატიკა, რომლის ფარგლებში მაგისტრანტს შეეძლება სამაგისტრო ნაშრომის შესრულება:
  • რუსეთთან დაკავშირებული თემატიკა ნებისმიერ სფეროში – ისტორია, კულტურა, ეკონომიკა, სამართალი, პოლიტიკა, ფილოსოფია, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. (უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინარულ თემატიკას);
  • რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კვლევა;
  • ცალკეული პრობლემების კვლევა ნებისმიერი სფეროდან.
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:
  • ფაქტობრივი მასალის ფლობა;
  • გადმოცემის თანმიმდევრულობა,  არგუმენტაცია;
  • კვლევისა და ანალიზის უნარი;
  • სამეცნიერო საიხლე;
  • ნაშრომის ტექნიკური, სტილისტური და გრამატიკული გამართულობა;
  • ნაშრომის წარდგენა (პრეზენტაცია).

 
ანოტაციები

         რუსეთის ისტორია და კულტურა მსოფლიო ცივილიზაციათა კონტექსტში 
პროფესორები - ბეჟან ჯავახია, ნინო ჩიქოვანი, დალი კანდელაკი (კონტრაქტით)
სტუდენტებს ვთავაზობთ ინტერდისციპლინარულ სასწავლო კურსს, რომელსაც ისტორიისა და კულტურის მეცნიერების მიმართულებების პედაგოგები გაუძღვებიან. მაგისტრანტებს შევასწავლით რუსეთის ისტორიული და კულტურული განვითარების საკითხებს ცივილიზაციათა თეორიის ჭრილში. ეს მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა, ფაქტობრივი მასალა გააზრებულ იქნას კონკრეტულ ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ კონტექსტში, მკაფიოდ განისაზღვროს რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპები, რუსეთის მიმართება გარემომცველ სამყაროსთან განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, განვითარების თავისებურებანი და მათი განმაპირობებელი მიზეზები.                                                

რუსეთი და კავკასია

 სავალდებულო კურსი, 10 კრედიტი,
ასოც. პროფესორი – ვახტანგ გურული, პროფესორი (კონტრ.) -  ჯონი კვიციანი
ინტერდისციპლინარულ სასწავლო კურსს პარალელურად გაუძღვებიან საქართველოს ისტორიის და კავკასიოლოგიის მიმართულების ლექტორები. თემატურად კურსი ორ ნაწილად გაიყოფა: “რუსეთი და საქართველო” და “რუსეთი და კავკასია”. წაკითხვა მოხდება ქრონოლოგიური პრინციპით. კურსის შესავალი ნაწილი დაეთმობა აღმოსავლეთ სლავების კონტაქტებს კავკასიასთან, ასევე კიევის რუსეთის სახელმწიფოს (IX-XIIსს.) ურთიერთობებს კავკასიასთან და მათ შორის, საქართველოსთან. ძირითადი ნაწილი კი დაეთმობა რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს კავკასიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას და მისი რეალიზაციის ისტორიას XV-XXI საუკუნეებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოსტსაბჭოთა პერიოდს (1991-2008წწ.).
                                       
ენა და სამეცნიერო კვლევის კულტურა

        სავალდებულო კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი ნატა ბასილაია
სასწავლო კურსი ორიენტირებულია ტრანსფერული კომპეტენციის განვითარებაზე: იგი მეცნიერულ საქმიანობას წარმოაჩენს, როგორც ინტელექტუალურ ქმედებას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და სხვა სახის პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ცოდნის მიღებასა და მის გამოყენებაზე. ამ კურსის ათვისება მაგისტრანტს ასწავლის ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების სწორად გაფორმებას, კორექტულად გადმოცემას სხვადასხვა ტიპის მეცნიერული ტექსტების სახით - თეზისები, რეფერატი, მოხსენება, სტატია, საკურსო და სამაგისტრო ნაშრომები.

რუსეთის სამართლის, სამართლებრივი აზრის ისტორია და თანამედროვე რფ კონსტიტუციური სამართალი
      სავალდებულო კურსი, 10 კრედიტი, ასოც. პროფესორი - მარინა გარიშვილი
სასწავლო კურსი საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნეს მეზობელი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი სამართალგანვითარების უწყვეტი პროცესი. სამართლის ისტორიის ასპექტში მაგისტრატს ვთავაზობთ რუსული სამართლის ისტორიის პირველწყაროების, კონსტიტუციური სამართლის, კერძო და სისხლის სამართლის ინსტიტუტების, აგრეთვე სასამართლო ორგანიზაციისა და პროცესის ჩამოყალიბება-განვითარების შესწავლას, უძველესი დროიდან დაწყებული XX საუკუნის ჩათვლით. სამართლებრივი აზრის ისტორია ლოგიკურად ებმის სამართლის ისტორიის ცალკეული საკითხის ჩამოყალიბება-განვითარებას და საშუალებას იძლევა, თვალი გავაყოლოთ, ამა თუ იმ დებულების თეორიულ დასაბუთებას, სხვადსხვა პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, თუ მეცნიერ-თეორეტიკოსის ნაშრომის მიხედვით. თანამედროვე კონსტიტუციური სამართლის შესწავლა საშუალებას გვაძლევს, მაგისტრატს მივაწოდოთ, ამომწურავი ცოდნა რფ სახელწმიფო ხელისუფლების ორგანიზაციის კონსტიტუციური საფუძვლების, სახელმწიფოს მოწყობის თავისებურებების, ადამიანის და მოქალაქის ძირითადი უფლებების, საარჩევნო სისტემის ორგანიზაციის შესახებ.
         
რუსული გეოპოლიტიკური აზროვნება: წარსული და თანამედროვეობა

სავალდებულო კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი - მალხაზ მაცაბერიძე
სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან რუსეთში გეოპოლიტიკური აზროვნების განვითარებას, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ სკოლებსა და კონცეფციებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა "ევრაზიელობას", რომელიც თანამედროვე პირობებში წამყვან გეოპოლიტიკურ კონცეფციად რჩება რუსეთში, სტუდენტები ასევე გაეცნობიან თანამედროვე რუსულ გეოპოლიტიკურ თეორიებს და რუსეთის გეოპოლიტიკური ადგილის გააზრებას თანამედროვე მსოფლიოში. სტუდენტები ასევე შეისწავლიან თუ რა ადგილი ეთმობა და როგორაა წარმოდგენილი რუსულ გეოპოლიტიკურ კონცეფციებში საქართველოს და კავკასიის პრობლემატიკა.

რუსეთი - განვითარების გეოგრაფია

სავალდებულო კურსი, 5 კრედიტი, ასოცირ. პროფესორი - ვალერიან მელიქიძე
კურსი მოაზრებულია როგორც სპეციალიზირებული დისციპლინა, რომელიც რუსეთის კერძო მაგალითზე გაათვითცნობიერებსსტუდენტებს განვითარების სპეციფიკური ტრენდებისა და თავისებურებების შესახებ თანამედროვე გლობალურ კონტექსტში. კურსისძირიადი მიზნებია, შეუქმნას სტუდენტს წარმოდგენა იმის შესახებ: თუ საზოგადოებრივი განვითარების თანამედროვე თუ ისტორიულიფაქტორების რა კომბინაცია განაპირობებს რუსეთის თანამედროვე მდგომარეობას, რა პრობლემებსა და გამოწვევებს აწყდება ქვეყანაგანვითარების პროცესში; როგორ მოქმედებენ განვითარების სხვადასხვა ფაქტორები კონკრეტულ ბუნებრივ, ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ გარემოში; როგორ ჰგავს ან რითი განსხვავდება რუსეთის განვითარების მოდელი მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნებისაგან, რა ადგილი უკავია მას თანამედროვე გლობალურ სისტემებში; როგორ ხდება ზოგადი გლობალური განვითარების ტრენდების ადაფაქტორების ტრანსფორმაცია რუსეთის კონკრეტულ გარემოში; როგორ გამოიხატება საზოგადოებრივი განვითარების სივრცობრივიასპექტები რუსეთის კონკრეტული რეგიონების დონეზე; რა როლს თამაშობენ ისინი მათი თანამედროვე იერსახის ჩამოყალიბებაში, როგორია მათი პოტენციალური მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის.

რუსეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები

  სავალდებულო კურსი, 5 კრედ., ასოც. პროფესორი -  ლარისა ყორღანაშვილი
დისციპლინა შეისწავლის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის როლს რუსეთის ეკონომიკაში, მისი მართვის ორაგანიზაციას სახელმწიფოსა და ფირმის დონეზე, საგარეო ეკონომიკური სტრატეგიის პრინციპებსა და პრიორიტეტებს, ქვეყნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას მსოფლიო ბაზარზე, რუსეთის ადგილსა და როლს მსოფლიო ეკონომიკაში, სა­გა­რეო ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სისტემასა და პრინციპებს, საგარეო სავაჭრო პოლიტიკასა და მისი რეალიზაციის საშუალებებს, საგარეო ვაჭრობის განვითარების ტენდენციებსა და კანონზომიერებებს; საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობას;  რუსეთის როლს საქონლის, მომსახურებისა და ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზრებზე, კაპიტალისა და შრომის საერთაშორისო მოძრაობაში; რუსული კომპანიების საერთაშორისო საქმიანობას, საერთაშორისო თანამშრომლობის გეოეკონომიკურ მიმართულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განვითარების პერსპექტივებს.

რუსეთის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა

სავალდებულო კურსი, 5 კრედიტი,
პედაგოგები: პროფესორი - რევაზ გველესიანი, ასისტ. პროფ. - მაია გონაშვილი
სასწავლო კურსის მიზანია რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის იმ პრიორიტეტების შესწავლა, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ეროვნული მეურნეობის განვითარებაზე და ქვეყანას, - თუნდაც ღარიბს, - წარმატებული განვითარების საშუალებას აძლევენ. რუსეთის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკის კურსის შესწავლით სტუდენტები ეცნობიან რუსეთის ეკონომიკისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულების რთულ პრობლემებს, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ლოგიკას და ფუძემდებლურ პრინციპებს, ქვეყნის განვითარების პროცესებზე ზემოქმედების მექანიზმებს,  მათი გამოყენების თავისებურებებს, კონკრეტულ სიტუაციებში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის განსაზღვრის ფაქტორებს.

რუსეთის ეკლესიის ისტორია

    არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, ასოცირებული პროფესორი - ვახტანგ გურული
სტუდენტებს შეისწავლიან რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ზოგად კურსს. შესავალი ნაწილი დაეთმობა ქრისტიანობის გავრცელებას კიევის რუსეთის სახელმწიფოში. განხილულ იქნება მოსკოვის სამიტროპოლიტოს დაარსებისა და რუსეთის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების ისტორია, რუსეთის ეკლესიის მოღვაწეობა სინოდალური მმართველობის პერიოდში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარტიარქობის აღდგენის, რუსეთის ეკლესიის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროსთან ურთიერთობის  და XX-XXI საუკუნეების რუსეთის ეკლესიის ისტორიის საკითხებს

რუსეთის ევროპული პოლიტიკა

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი -  დალი კანდელაკი (კონტრაქტით)
კურსის მიზანს წარმოადგენს რუსეთის ევროპული პოლიტიკის ისტორიის შესწავლა  ღრმად და საფუძვლიანად. კურსის მოსმენა მეტად საინტერესოა, რათა სტუდენტები ამ მასალების გათვალისწინებისა და შესწავლის შემდეგ, უფრო ახლოს იყვნენ თანამედროვეობასთან და ახსნან რუსეთის  დღევანდელი ნაბიჯები მსოფლიო პოლიტიკაში. მათ უნდა შეისწავლონ არა მარტო კონკრეტული ფაქტები რუსეთის ევროპული პოლიტიკის ისტორიიდან, არამედ უნდა შეძლონ მათი განზოგადება და ანალიტიკური დასკვნების გაკეთება,  რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის (ევროპული პოლიტიკის) ამსახველი დოკუმენტების დამუშავება და მათი ანალიზის მეთოდების სრულყოფა. ეს დოკუმენტები ასახავენ რუსეთის ევროპული პოლიტიკური კურსის დამახასიათებელ როგორც ზოგად კანონზომიერებებს, ასევე მის თავისებურებებს. მათში გამოთქმულია განსხვავებული ან სულაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ამათუიმ პოლიტიკური  მოვლენის შესახებ, რაც სტუდენტებს ისტორიული პროცესის ალტერნატული განმარტებების შესაძლებლობას აძლევს

რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების ურთიერთობის საკითხები ევროპულ წყაროებში (XVIII – XXI სს.)

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი -  დალი კანდელაკი (კონტრაქტით)
სასწავლო კურსი წარმოადგენს სავალდებულო კურსის “რუსეთი და კავკასია” შემავსებელ ნაწილს, რომლის მიზანია XVIII-XXI საუკუნეების რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების (მათ შორის რუსეთ-საქართველოს) ურთიერთობების ისტორიის უფრო ღრმად და საფუძვლიანად  შესწავლა; სტუდენტები გაეცნობიან ევროპულ წყაროებს, გააანალიზებენ და შეადარებენ ქართულ, რუსულ და სხვა წყაროებს. ევროპული მასალების დამუშავების პარალელურად განვიხილავთ როგორც კავკასიის ქვეყნების, ასევე რუსეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს. ამ მასალების გათვალისწინება საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს მრავალი საკითხის გარკვევაში. მათ უნდა შეძლონ სამეცნიერო ლიტერატურის და წყაროების შეფასება, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების ურთიერთობების შესახებ არსებული პრობლემური საკითხების ობიექტურად გაშუქება და  დასკვნის გაკეთება. 

რუსეთის ცივილიზაციური კუთვნილების პრობლემა 

 არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი - ნინო ჩიქოვანი
სტუდენტები გაეცნობიან რუსეთის ცივილიზაციური რაობის პრობლემასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს, რუსეთის ადგილისა და როლის განსაზღვრის მცდელობებს: მოსკოვი – მესამე რომის თეორიას და მის ტრანსფორმაციას XV საუკუნიდან დღემდე, ევროპისა და აზიისადმი დამოკიდებულების საკითხის განსხვავებულ ვერსიებს XVI-XVII საუკუნეებში, “ევროპისაკენ ფანჯრის გაჭრას” და მის შეფასებას თანამედროვეთა და მემკვიდრეთა მიერ, რუსეთის ისტორიული განვითარების გზისა და სამომავლო პერსპექტივების სხვადასხვა ხედვას XIX საუკუნეში, ევრაზიელობის თეორიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ადგილის ძიებას XX საუკუნე.

რუსული სახვითი ხელოვნება და საქართველო (XVIII საუკუნე – XX დასაწყისი)

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, ასოც. პროფესორი - თებრონე ურუშაძე
სასწავლო კურსი მაგისტრანტებს მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის  XVIII-ს _ XX-ს დასაწყისის რუსული ხელოვნების ისტორიის შესწავლის პროცესში. განიხილება მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, როგორიცაა - დასავლეთის ხელოვნების გავლენა რუსულ ხელოვნებაზე, რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობების ისტორია, რუსეთში ქართველი მხატვრების და საქართველოში რუსი მხატვრების მოღვაწეობა; გავაცნობთ იმ შესანიშნავ შემოქმედებით დანატოვარს, რომელმაც განსაზღვრული როლი ითამაშა ქართული ხელოვნების განვითარების პროცესში.

რუსული ფილოსოფია

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, ასოც. პროფესორი - ირაკლი ბრაჭული
სასწავლო კურსის მიზანია რუსული ფილოსოფიური სკოლისა და დისკურსის ჩამოყალიბების ისტორიული პროცესის და პოსტულატების შესწავლა. სტუდენტებს გავაცნობთ რუსული ფილოსოფიის საკითხთა და პრობლემათა ორიგინალურ ფართო სპექტრს. განსაკუთრებით შევეხებით  ისეთ საკითხს როგორიცაა, XIX-XX საუკუნეების რუსული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლა, რომელიც რუსული მართლმადიდებლობის, რუსული ლიტერატურის მსოფლმხედველობრივი ტრადიციების და კლასიკური და მოდერნისტული დასავლური ფილოსოფიის სინთეზის შედეგად წარმოიშვა.                          

კომუნიკაცია რუსულ ენაზე ინტერკულტურულ გარემოში

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, ასოც. პროფესორი – მარინა ალექსიძე
სასწავლო კურსის კურსის მიზანია რუსულ ენაზე ლიტერატურული და საქმიანი ზეპირი და წერითი მეტყველების ჩვევათა ფორმირება, სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლებთან პროფესიული ურთიერთობისათვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბება. კურსის შინაარსს, სალექციო და სემინარულ მეცადინეობებს მაგისტრანტები შეჰყავთ შემდეგი პრობლემების სფეროში: პიროვნებათშორის კომუნიკაციის თავისებურებანი, სამეტყველო ზემოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა, საქმიანი ურთიერთობის ეთიკა, რუსული ენის ეროვნულად ორიენტირებული სწავლების თეორია და პრაქტიკა. კურსის ათვისება უზრუნველყოფს მაგისტრანტების მომზადებას დამოუკიდებელი პრაქტიკული საქმიანობისათვის, ხელს შეუწყობს წარმატებულ კომუნიკაციას რუსულ ენაზე ინტერკულტურულ გარემოში.

ისტორიული დოკუმენტების ფილოლოგიური ანალიზი

              არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, ასოც. პროფესორი – მარინა ალექსიძე
მაგისტრანტებს ვთავაზობთ ინტერდისციპლინურ სასწავლო კურსს, რომელიც ლინგვისტური და ისტორიული თემატიკის ინტეგრაციას ითვალისწინებს. კურსის შესწავლისას მოხდება რუსული ენის, ენის ისტორიის, რუსეთის ისტორიისა და ქართულ-რუსული დიპლომატიური ურთიერთობების ცოდნის სინთეზი. მაგისტრანტები შეისწავლიან  შემდეგ საკითხებს: საქმიანი წერილი და დოკუმენტი –საქმიანი პროზის მრავალფეროვნება დოკუმენტის შედგენის მიზანი და გარემოებები, საქმიანი წერის ტრადიცია, რუსული დამწერლობა XV საუკუნის დასასრულიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე, რუსულ-ქართული ურთიერთობების ამსახველი რუსული საარქივო მასალა ("გრუზინსკიე დელა”). კურსის მიზანია სტუდენტები აღჭურვოს წერილობითი ძეგლების ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევებისათვის აუცილებელი ცოდნით.

“ქართული” თემის ტრანსფორმაცია რუსულ ლიტერატურასა და კულტურაში 

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, ასოც. პროფესორი - ნოდარ ფორაქიშვილი
კურსის მიზანია ქართულ-რუსული ურთიერთობების იდეურ-მხატვრული საფუძვლების შესწავლა (XIX საუკუნიდან  დღემდე) “სამუშაო პრინციების სისტემისა” და დებულებების თანამდევი განმარტებებით, რომელთა გარეშეც შეუძლებელია უზარმაზარი ფაქტობრივი მასალის კვლევა.  მაგისტრანტებს შევთავაზებთ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორია ა.გრიბოედოვიდან დღემდე “გარდაქმნისა” და საბჭოთა კავშირის რღვევისას წარმოქმნილი პროცესების გათვალისწინებით; ქართული თემატიკა რუსულ ლიტერატურაში და სხვ. მუშაობა ეფუძნება ლიტერატურის შინაარსობლივი და ფორმალური სტრუქტურების განშტოებათა ერთიანობაში განხილვას. მასალის ამგვარი მიწოდება მაგისტრანტებს გაუღრმავებს წარმოდგენას მომხდარ და მიმდინარე წინააღმდეგობრივ პროცესებზე, ხელს შეუწყობს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას.

რუსეთის პოლიტიკა: პოსტსაბჭოთა პერიოდი

        არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი - მალხაზ მაცაბერიძე
სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სახელმწიფოებრივ განვითარებას პოსტსაბჭოთა პერიოდში. გაეცნობიან ამ ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და ძირითად პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ევოლუციას, ძირითად პრიორიტეტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის კავკასიურ პოლიტიკას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
საბჭოთა კავშირი: პოლიტიკა და იდეოლოგია
არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი - მალხაზ მაცაბერიძე
სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან იმ იდეოლოგიურ კონცეფციას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, კომუნისტური ტოტალიტარიზმის და მისი დემონტაჟის საკითხებს, სტუდნტები გაეცნობიან საბჭოთა კავშირის ოფიციალურ იდეოლოგიას და მის ევოლუციას სახელისუფლო ცვლილებებთან ერთად, მოკავშირე რესპუბლიკების და პირველ რიგში საქართველოს ადგილს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის კრიზისისა და დაშლის მიზეზებსა და შედეგებს

გლობალიზაცია და რუსეთის ნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა

არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, 
            პროფესორი - რევაზ გველესიანი, ასისტ. პროფ. - მაია გონაშვილი
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები; დაანახოს რუსეთის ეკონომიკის ადგილი გლობალურ ეკონომიკაში. შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა: გლობალიზაციის ზემოქმედება ეროვნული სახელმწიფოების ბედ-იღბალზე; შეუძლია თუ არა სახელმწიფოს დამოუკიდებლად ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა; როგორ ნაწილდება ფუნქციები ეროვნულ სახელმწიფოსა და ზეეროვნული რეგულირების ორგანოებს შორის ეკონომიკის წარმართვის პროცესში; რუსეთის ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირების პრობლემები. განვიხილავთ ნეოლიბერალური მოდელის თეორიულ-მეთოდოლოგიურ და იდეოლოგიურ საფუძვლებს, “ვაშინგტონის კონსენსუსის”  დოქტრინის არსს და გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. გავაანალიზებთ რუსეთის თანამედროვე გეოეკონომიკურ-გეოსტრატეგიული პოზიციებსა და ინტერესებს
რუსეთის ეკონომიკა
არჩევითი კურსი, 5 კრედიტი, პროფესორი - ზაქარია ბერკაცაშვილი   (კონტრაქტით)
მსოფლიო ეკონომიკის შესწავლამ საბოლოოდ პრაქტიკული თვალსაზრისით პასუხი უნდა გასცეს ყოველი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს კითხვაზე _ და მაინც, როგორია ამა თუ იმ სახელმწიფოს ადგილი თანამედროვე მსოფლიოში? ყველა ჩვენი ძალისხმევა, მიმართული მეგაეკონომიკის განვითარების ზოგად კანონზომიერებათა შესაცნობად, მისი სტრუქტურის ანატომირება, მოწინავე ქვეყნების განვითარების გზების კვლევა, გარდა წმინდა შემეცნებითი ამოცანებისა, სავსებით პრაგმატულ მიზანს ისახავს _ გამოვავლინოთ თანამედროვე მსოფლიო სამეურნეო სისტემაში რუსეთის ორგანული შესვლის შესაძლებლობები. გლობალიზაციის პირობებში მეგაეკონომიკაში ქვეყნის ადგილის ძიება განვითარების გზების განსაზღვრის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სასწავლო კურსის ძირითადი  ამოცანებია: რუსეთის ბუნებრივი და ცივილიზაციური რესურსების ანალიზი; რუსეთის ეკონომიკური მოდელის განსაზღვრა; რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურის ანალიზი; რუსეთის ეკონომიკის თანამედროვე მდგომარეობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების განხილვა
 

 

   
საავტორო უფლებები დაცულია © ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წელი
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი